ხშირად დასმული კითხვები

15 May 2015

რა ფორმით ვლინდება ოჯახში ძალადობა? 

ძალადობა, როგორც ქმედება, შეიძლება მრავალი ფორმით გამოიხატოს.

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით:

ფიზიკური ძალადობა — ეს არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ფსიქოლოგიური ძალადობა — ეს არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

სექსუალური ძალადობა — ეს არის სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ეკონომიკური ძალადობა — ეს არის ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

იძულება — ეს არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

უგულებელყოფა როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა გულისხმობს მშობლების მხრიდან ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების რეგულარულ დაუკმაყოფილებლობას.

ვინ ითვლება მსხვერპლად?

მსხვერპლი — არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება.

ვინ ითვლება მოძალადედ?

მოძალადე — არის ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

ვინ არიან ოჯახის წევრები?

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი იძლევა შესაბამის განმარტებას და ოჯახის წევრად აღიარებს პირთა საკმაოდ ფართო წრეს, კერძოდ: დედას, მამას, პაპას, ბებიას, მეუღლეს, შვილს (გერს), შვილობილს, მშვილებელს, მშვილებლის მეუღლეს, ნაშვილებს, მიმღებ ოჯახს (დედობილს, მამობილს), შვილიშვილს, დას, ძმას, მეუღლის მშობლებს, სიძეს, რძალს, ყოფილ მეუღლეს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, მეურვეს.

რა არის დამცავი და შემაკავებელი ორდერები?

კანონმდებლობის მიხედვით, ორდერი ორი სახისაა: დამცავი და შემაკავებელი. აღნიშნული ორდერები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გამომცემი სუბიექტის, მოქმედების ვადის, გასათვალისწინებელი საკითხებით, გამოცემისა და ძალაში შესვლის სპეციფიკურობით.

დამცავი ორდერი გამოიცემა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. 

დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში — ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე უნდა შევიდეს და განიხილოს პირველი ინსტანციის სასამართლოში, მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

შემაკავებელი ორდერი გამოიცემა პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით და გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. 

რა სერვისებს გვთავაზობს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი?

ორგანიზაციის სერვისების სანახავად გადადით ბმულზე

რას გულისხმობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ფსიქოლოგიური მომსახურება?

ფსიქოლოგიური მომსახურება გულისხმობს ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიული კურსის ჩატარებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის (როგორც მოზრდილისათვის, ასევე ბავშვისათვის) და ფსიქოლოგიურ შეფასებას. ფსიქოლოგის მიერ ხდება ძალადობის შემთხვევის შესწავლა და შესაბამისი რეაბილიტაციისა და უსაფრთხოების გეგმის შემუშავება.

როგორ მოვხვდე თავშესფარში?

სახელმწიფო თავშესაფრებში მსხვერპლის განთავსება  სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი, ეს შესაძლებელია, როგორც დამცავი/შემაკაველი ორდერის მეშვეობით, ისე მსხვერპლის სტატუსის მიღებით. რაც შეეხება ა/ო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარს, მსხვერპლისთვის მსგავსი პროცედურების გავლა არ არის აუცილებელი. სავალდებულოა მოხდეს სავარაუდო მსხვერპლის გასაუბრება ორგანიზაციის, სოციალურ მუშაკთან, იურისტთან, ფსიქოლოგთან.

თავშესაფარში განთავსების ხანგრძლივობა:

ორგანიზაცია პასუხიმგებლობას იღებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უზრუნველყოს თავშესაფრით. მსხვერპლის განთავსების პერიოდი, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შეადგენს 1 დღიდან 3 თვემდე პერიოდს. 

რა სერვისების მიღებაა შესაძლებელი თავშესფარში მოთავსების შემდეგ?

ბენეფიციარის თავშესაფარში განთავსების შემდეგ ორგანიზაცია ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს ის პირველადი საჭიროების ნივთებითა და საკვებით, ასევე, ფსიქო-სოციალური და იურიდიული დახმარებით. თავშესააფრის მკვიდრი არასრულწლოვნები ჩართულები არიან ახლომდებარე ბაღებისა და სკოლების სასწავლო პროცესებში.

რამდენად დაცული ვარ თავშესაფარში?

თავშესაფარში უსაფრთხო გარემოს 24 საათის განმავლობაში კვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს. 

რამდენად არის შესაძლებელი, ორგანიზაციამ იტვირთოს შუამავლის ფუნქცია მომმართველსა და მის ოჯახს შორის?

ორგანიზაცია ხშირად ითავსებს მედიატორის როლს, ორგანიზაციის ბენეფიციარსა და მის ოჯახს შორის.