
ოფიციალური ვიზიტი ძდექ-ის თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში
15 June 2017
15 ივნისს ძდექ-ის ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარს/კრიზისულ ცენტრს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ იმ საელჩოებისა და უწყებების წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით შენობის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში.
ძდექ-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული 15 წლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე თავშესაფრისთვის/კრიზისული ცენტრისთვის გადმოცემული შენობა-ნაგებობა გარემონტდა და აღიჭურვა პოლონეთის საელჩოს, იაპონიის საელჩოს, ესტონეთის საელჩოს, ქალთა საერთაშორისო ასოციაციისა და სიგრიდ რაუზინგის ფონდის მხარდაჭერით.
თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი 20 ადგილიანია და ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სამართლებრივი დახმარება და გაიარონ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. ამავდროულად, ორგანიზაცია ჩართულია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ქვეპროგრამაში (დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა).
ძდექ-ი მადლობას უხდის ყველა სტუმარს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.