ძდექ-ის ახალი თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის გახსნა

30 May 2017

"დღეს [30 მაისს] ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა, პარტნიორებთან ერთად გახსნა თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი, რომელიც 20 ადგილიანია და ბენეფიციარები იმ სერვისებს მიიღებენ, რაც მათ რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი 2003 წლიდან მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემებზე. ორგანიზაცია ქმედით დახმარებას უწევს ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირებს, კერძოდ, სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და თავშესაფრის მომსახურებას.
ძდექ-ი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც მუშაობა დაიწყო ოჯახში ძალადობის თემაზე და გახსნა თავშესაფარი თბილისსა და ახალციხეში, ხოლო კრიზისული ცენტრი გურჯაანში. ძდექ-ი, სახელმწიფოს გარდა, რჩება ერთადერთ ორგანიზაციად, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უზრუნველყოფს თავშესაფრის სერვისით.

ორგანიზაციის დაუღალავი და მრავალწლიანი მუშაობის შედეგია, რომ 2016 წლის 13 აპრილს ძდექ-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა 15 წლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გადმოგვეცა შენობა-ნაგებობა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მოსაწყობად. ორგანიზაცია, ამავდროულად, ჩაერთო „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ქვეპროგრამაში (დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა).
ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციას გამოუყო ფართი ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მოსაწყობად. დიდი მადლობა მათ ასეთი ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის აღჭურვა და გარემონტება შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლონეთის საელჩოს, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა გვაკავშირებს. მახსენდება 2008 წლის ომი, როდესაც პოლონეთის საელჩო გვერდში დაგვიდგა. დღეს, მათი გულუხვი მხარდაჭერით მოხდა თავშესაფრის გარემონტება. ისინი იყვნენ პირველები, ვინც გვამხნევებდნენ და საწყისი ეტაპიდანვე მხარს გვიჭერდნენ, მათ გარეშე ვერ შევძლებდით, რომ ახლა ამ შენობაში ვმდგარიყავით.

ასევე დიდი მადლობა იაპონიის მთავრობასა და იაპონელ ხალხს თავშესაფრის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური ჩართულობისთვის.

დიდი მადლობა „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია-საქართველო“-ს, რომლის მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა თავშესაფრის აღჭურვა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ წევრს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და პირადად ჩაერთო თითოეული ბენეფიციარის გაძლიერებაში.

ასევე შეუცვლელია ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერა. მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდა არქიტექტურული ნახაზისა და კალკულაციის მომზადება.

აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორის, სიგრიდ რაუზინგის ფონდის მხარდაჭერა, რომლის წარმომადგენელიც დღეს აქ არ გვესწრება, თუმცა მათი წვლილი და დახმარების მზაობა არანაკლებ მნიშვნელოვანია ძდექ-ის სერვისების გაძლიერებასა და მდგრად განვითარებაში.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ არაძალადობრივი და ქალებზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ქვეყნებმა ხელი ჩაკიდონ ერთმანეთს და იბრძოლონ ძალადობის წინააღმდეგ. დღევანდელი დღე ამისი მაგალითია." - ნატო შავლაყაძე, ძდექ-ის თავმჯდომარე